საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს.