„აიაქსმა“ გიორგი მიქაუტაძე ოფიციალურად წარადგინა. საქართველოს ნაკრებისა და მეცის ყოფილი ფორვარდი ამსტერდამში 29 აგვისტოს ჩაფრინდა და სამედიცინო შემოწმება გაიარა. მისი ტრანსფერი ამსტერდამულ კლუბს 16 მილიონი ევრო დაუჯდება და მეცი დამატებით 3 მილიონ ევროს მიიღებს ბონუსად.
მიქაუტაძის შესახებ მეტის გასაგებად De Telegraaf-მა „აიაქსის“ ყოფილ ფორვარდს შოთა არველაძეს მიმართა და მის შესახებ აზრი კითხა:,აიაქსს გოლები სჭირდება, მიქაუტაძე კი გუნდს სწორედ ამას მოუტანს, რადგან ის ჭკვიანი ფეხბურთელია. გიორგი ამ მხრივ ლუის სუარესს ჰგავს და ყველამ კარგად იცის, როგორ შეეფერებოდა ურუგვაელი ამ გუნდს. ვფიქრობ, ჟორჟს შეუძლია, იგივეს მიაღწიოს.
მნიშვნელობა არ აქვს, უმაღლეს დონეზე თამაშობ თუ მეორე დივიზიონში - თუ ყოველ სეზონში 20-25 გოლს იტან, ესე იგი, კარგი თავდამსხმელი ხარ. რეალურად, ზოგჯერ გოლის გატანა დაბალ დონეზე უფრო რთულია.''
საქართველოს ნაკრების ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის აიაქსში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ტრანსფერი უახლოეს მომავალში დადასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის ფეხბურთელის მეციდან წასვლის საკითხი დიდი ხანი გაიწელა, საბოლოო ჯამში, ის ფრანგულ კლუბს დატოვებს.
გასული სეზონის შემდეგ მიქაუტაძის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ყოველდღე ახალი ინფორმაცია ვრცელდებოდა. როგორც ნიდერლანდური გამოცემა Voetbal International წერს, აიაქსის გამო მან უარი ოთხ კლუბს უთხრა.
"რენი, ლიონი, ტოტენჰემი და იტალიის ტოპ-კლუბი ცდილობდნენ მიქაუტაძის დარწმუნებას, მაგრამ ქართველმა ფორვარდმა სვენ მისლინტატთან (ამსტერდამული გუნდის სკაუტი) საუბრის შემდეგ აიაქსში გადასვლა გადაწყვიტა", - აღნიშნა ნიდერლანდურმა გამოცემამ.
გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში მეცის შემადგენლობაში ლიგა 1-ში 3 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.