სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა
ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ ინსპექტირება მას შემდეგ განხორციელდა, რაც რვა ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ ეცნობათ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ.
„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო ორი შეტყობინება რვა ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ.
ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“.
შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მარკეტებში (ს/კ 206255808) მისამართებზე: თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი „კოტლეტი კიევურით“ მარაგდებოდა.
სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა. შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე. მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში
ამასთან დაკავშირებით "ნიკორა ტრეიდი" განცხადებას ავრცელებს:
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოგვმართა რამოდენიმე ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით.
როგორც გაირკვა, ყველა მათგანმა საკვებად მიიღო „კოტლეტი კიევური“.
ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე "გრაკოს", რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია "ჯეო დისტრიბუცია".
რა თქმა უნდა, ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამოდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და
ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებულის მიზნით", - წერია განცხადებაში.