კინემატოგრაფისტებმა საქართველოს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ბოიკოტი გამოუცხადეს და კინოცენტრის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა დაანონსეს. კინოს სფეროს წარმომადგენლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უკვე 400-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ბოიკოტის მონაწილეთა სია მზარდია და მას თანდათან მეტი ადამიანი უერთდება. ხელოვანები ცენტრის დირექტორის არჩევის წესის შეცვლას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ხელმძღვანელს არა მინისტრი, არამედ პროფესიონალებისაგან შექმნილი ჯგუფი უნდა ირჩევდეს. კინემატოგრაფისტები მოთხოვნების შესრულებამდე ყველა ახალ პროექტში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.