მორიგი თავდასხმა ოდესაზე. რუსულმა ძალებმა ოლქზე იერიში კამიკაძე დრონებით მიიტანეს. ოკუპანტი ქვეყნის ძალების თავდასხმის შედეგად დაზიანებულია მარცვლეულის საცავი. უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, იერიში აზოვის ზღვის აღმოსავლეთის სანაპიროდან განხორციელდა. ამავე ინფორმაციით, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ შაჰედის ტიპის 9 დრონის განადგურება შეძლო. ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დარტყმის შემდეგ სასაწყობე სათავსოებში ხანძარი გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც მალევე მოხდა. პარალელურად უკრაინული დრონები კვლავ გამოჩდნენ მოსკოვში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კიევმა რუსეთის დედაქალაქს სამი დრონით შეუტია, ორი მათგანი საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო, ერთი - რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშეს და ბიზნეს ცენტრ "მოსკოვი-სიტის" ტერიტორიაზე ჩამოვარდა. უწყების განცხადებითვე, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. უკრაინულ მხარეს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინას დრონებთან დაკავშირებით რუსეთის მიერ წარსულშიგაჟღერებული არცერთი ბრალდება არ დაუდასტურებია.