რუსული კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის კოსმოსურ სააგენტო "როსკოსმოსის" პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. "როსკოსმოსის" განცხადებაში ნათქვამია, რომ აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა. მათი ინფორმაციით, მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის. უპილოტო ხომალდი Luna-25 11 აგვისტოს რუსეთის ამურის რეგიონიდან გაუშვეს. ის მთვარეზე ორშაბათს ან სამშაბათს უნდა დაშვებულიყო. ეს მთვარეზე რუსეთის პირველი მისია იყო ბოლო 50 წლის განმავლობაში.