ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, უკრაინასთან ომში რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს და მსოფლიოში მას ისეთი წონა არ აქვს, როგორც ჩინეთს.
აღნიშნულის შესახებ ბორელმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დაწყებით „თითქმის ყველაფერში შეცდა“, კერძოდ კი, ევროკავშირის ქვეყნების კონტროლის შესაძლებლობაში ენერგოდამოკიდებულების გამო.
„პუტინი პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის თავის ხალხს და არმიას სწირავს, ამიტომ მასთან მოლაპარაკებების გამართვა არის ასეთი რთული", - აღნიშნა ევროკომისარმა.
ამასთან, ბორელმა უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკება დადებითად შეაფასა და ამ მოლაპარაკებებში ჩინეთის მონაწილეობა აღნიშნა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არასდროს იტყვის, რომ რუსეთის მხარდაჭერას ამცირებს ან ხელს შეუწყობს მის წაგებას, ოფიციალურ პეკინს დღეს შექმნილი ვითარება სულაც არ აწყობს", - განმარტა ევროკომისარმა.