უეფა-მ გამოაცხადა ნომინანტები 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე.
ფინალურ სამეულში მოხვდნენ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი, მისი თანაგუნდელი ერლინგ ჰოლანდი და „პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი ფეხბურთელი ლიონელ მესი, რომელიც დღეს „ინტერ მაიამის“ შემადგენლობაში თამაშობს.
ფინალისტების სამეული კლუბების მწვრთნელებმა აირჩიეს, რომლებიც გასულ სეზონში ევროთასებზე თამაშობდნენ. ხმა ასევე მისცეს უეფა-ს წევრი ქვეყნების ნაკრებების მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა.
გამარჯვებული 31 აგვისტოს გამოვლინდება, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას.
გარდა ამისა, უეფა-მ გამოაცხადა ნომინანტები 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე. პრიზისთვის იბრძოლებენ ხოსეპ გვარდიოლა, სიმონე ინძაგი და ლუჩანო სპალეტი.