შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. საუბარია ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტებზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვაზე, მეზღვაურებისთვის დაბრუნების მოწმობებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, დოკუმენტების არაღიარება მოხდება მათი გაცემის თარიღის მიხედვით, ანუ იმის მიხედვით, როდის მოხდა რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ოკუპირება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით კი განისაზღვრა ერთიანი თარიღი - 2008 წლის 26 აგვისტო.