ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 18 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენა.
ვრცელი, 98-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა 41 პუნქტისგან შედგება.
მასში ბრალდებულები მოხსენიებული არიან, როგორც „კრიმინალური ორგანიზაცია“ და მათ სხვადასხვა დანაშაულში ედებათ ბრალი, მათ შორის: ცრუ განცხადებებისა და ნაწერების გაკეთებაში, საჯარო მოხელედ თავის გასაღებაში, დოკუმენტების გაყალბებაში, ყალბი დოკუმენტების წარდგენაში, მოწმეებზე ზემოქმედებაში, სახელმწიფოს მოტყუების მიზნით შეთქმულებაში, ცრუ ჩვენების მიცემაში და სხვა. გამოძიების ჩატარება, ნაწილობრივ, გამოიწვია გაჟონილმა სატელეფონო ჩანაწერმა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯიის საარჩევნო უწყების უმაღლეს თანამდებობის პირს „11 780 ხმის მოძიებას“ სთხოვს.
აღსანიშნავია, რომ ეს ტრამპისთვის წაყენებული მეოთხე საბრალდებო აქტია.