დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქ მაჰაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 3 ბავშვია. დაშავებულია 75 ადამიანი, მათგან 11 ბავშვი.
შეგახსენებთ, მაჰაჩყალაში აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. აფეთქების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობმა 600 კვადრატულ მეტრს მიაღწია. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე მომსახურების გაწევის ფაქტზე, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.