რაჭაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ცხედარი მდინარის კალაპოტში სტიქიის ეპიცენტრიდან 20 კილომეტრის მოშორებით იპოვეს.
მისივე თქმით, გარდა ამისა, სტიქიიდან 24 კილომეტრის მოშრებით აღმოჩენილია, ასევე, ადამიანის ქვედა კიდური.
„აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში და ამ დროისთვის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენების ღონისძიება. გარდა ამისა, ნაპოვნია ადამიანის სხეულის ქვედა კიდური და მიმდინარეობს აქტიური საძიებო სამუშაოები. მინდა დავამატო ინფორმაცია, რომ დღეს რაც ხდება მონიტორინგი მდინარეზე - ეს პირველივე დღიდან ხორციელდება, თუმცა ჩვენ ახლა ვსაუბრობთ უკვე პერიმეტრის გაზრდაზე. ჩვენ ამ დრომდე 30 კილომეტრ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგზე, თუმცა დღის ბოლომდე, ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. ეს არის ამბროლაურის ტერიტორია და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მონიტორინგი მდინარის კალაპოტში“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 22 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. 11 პირის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.