რაჭაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე მაშველები და სამხედროები 12 დაკარგულს ისევ ეძებენ. ნაპოვნია 21 ცხედარი, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. გაფართოვდა ძებნის არეალი, სამძებრო სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს. პარალელურად, სოფელ გლოლაში დროებითი ხიდის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, რომ სოფელში უსაფრთხოდ გადაადგილდეს. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა აქტიურად მონაწილეობს შოვში მიმდინარე სამძებრო- სამაშველო პროცესში. ისინი რამდენიმე ლოკაციაზე არიან გადანაწილებული. რეზერვისტების სამუშაო ლოკაციებს დაემატა კალცის წყლების მიმდებარე ტერიტორია, სადაც გზის გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. რეზერვისტების პირადი შემადგენლობა სტიქიის ზონაში თავდაცვის ძალების სამხედროებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან კოორდინაციაში მუშაობს.