ხვიჩა კვარაცხელია მწყობრშია და ნაპოლისთან ერთად კასტელ დი სანგროში სრული დატვირთვით ემზადება. ნეაპოლელთა 22 წლის ქართველმა შემტევმა 9 აგვისტოს, "ტეოფილო პატინიზე" გამართულ მორიგ საწვრთნელ პროცესში, რომელსაც ტრიბუნებიდან თვალს ორი ათასამდე გულშემატკივარი ადევნებდა, მონაწილეობა შეუზღუდავად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა შემტევმა მარცხენა მუხლის ტრავმა 2 აგვისტოს, ჟირონასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. თამაშის შემდეგ ის კოჭლობდა, მუხლზე კი სახვევი ეკეთა. პირველადი დათვალიერების შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ დაზიანება სერიოზული არ იყო, თუმცა ხვიჩა ბოლო დრომდე მხოლოდ სპორტდარბაზში იტვირთებოდა და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებდა. მას არც 6 აგვისტოს, ნაპოლის ტესტმატჩში უთამაშია აუგსბურგთან, რომელიც იტალიის ჩემპიონებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს.
იტალიის ჩემპიონი ნაპოლი ახალ სეზონს 19 აგვისტოს დაიწყებს, როდესაც სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად გიორგი კვერნაძის ფროზინონესთან ითამაშებს. მანამდე რუდი გარსიას გუნდს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი - 11 აგვისტოს, კვიპროსულ აპოლონთან.