უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიისგან "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემების ორი გამშვების მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ათასობით უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენს.
"კარგი ამბავი გერმანიიდან - ზუსტად ის, რაზედაც ოლაფ შოლცთან შევთანხმდით. ოლაფ, დიდი მადლობა. ეს აუცილებელია ჩვენი ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად. მადლობა გერმანიას, პირადად კანცლერს ამ შეთანხმების განხორციელებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება უწყვეტად ცდილობს იმის უზრუნველყოფას, რომ ქვეყნის დამცველებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა ჰქონდეთ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გაცილებით მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემაა საჭირო, ვიდრე ახლაა.
"ამ ”გაცილებით მეტს” ეტაპობრივად ვაქცევთ ჩვენი საჰაერო ძალების, ჩვენი საზენიტო მსროლელების, ჩვენი მობილური ბრიგადების კონკრეტულ შესაძლებლობებად", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლებიც ექნება."ეჭვი არ მეპარება, რომ ცაში F-16-ები გვექნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.