ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ სლოვენიაში ჩავიდა და ქვეყანას ევროკავშირის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა. როგორც სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდან სლოვენიისთვის 400 მილიონი ევრო გამოიყოფა, საიდანაც ას მილიონს ქვეყანა მიმდინარე წელსვე მიიღებს, დანარჩენ 300 მილიონს კი – მომავალ წელს. გარდა ამისა, სლოვენია შეძლებს ევროკავშირის ფონდებიდან თანხების გადამისამართებას თავისი მყისიერი და გრძელვადიანი საჭიროებების დასაფარად. ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას სლოვენიაში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი უსახლკაროდ დარჩა.