საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეთა ვინაობა შეიტყო. წილისყრა დღეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში მდებარე ფიბა-ს შტაბ-ბინაში შედგა და ილიას ზუროსის შეგირდები G ჯგუფში მოხვდნენ, სადაც თამაში სერბეთთან, ფინეთთანა და დანიასთან მოუწევთ.
საინტერესო ისაა, რომ სერბეთი და ფინეთი გასული ევრობასკეტის შესარჩევ ჯგუფშიც საქართველოსთან ერთად იყვნენ.
ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ციკლი სამ ეტაპად წარიმართება. უკვე ცნობილია, რომ შესარჩევი მატჩები 2024 წლის 19-27 თებერვალსა და 18-26 ნოემბერს და 2025 წლის 17-25 თებერვალს ჩატარდება. გუნდები მიმოსვლით ითამაშებენ და ჯამში 6-6 მატჩს გამართავენ
მომავალი ევროპირველობას 4 ქვეყანა უმასპინძლებს. ტამპერე (ფინეთი), ლიმასოლი (კვიპროსი) და კატოვიცე (პოლონეთი) მხოლოდ ჯგუფური ეტაპის მატჩებს მიიღებენ, რიგაში (ლატვია) კი ჯგუფურის გარდა, საპლეიოფო ეტაპიც ჩატარდება.
ევრობასკეტი 2025 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდში არის დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბოლო ხუთ ევროპის პირველობაზე აქვს ნათამაშები და ბოლო ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელიც იყო.