ნაპოლის ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ესპანურ ჟირონასთან ტესტმატჩში ტრავმა მიიღო, გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. 8 აგვისტოს, კასტელ დი სანგროში დაბანაკებულმა რუდი გარსიას გუნდმა დილის ვარჯიში ჩაატარა და მოედანზე სხვებთან ერთად გავიდნენ ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ქართველმა შემტევმა მარცხენა მუხლის ტრავმა 2 აგვისტოს, ჟირონასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო. თამაშის შემდეგ ის კოჭლობდა, მუხლზე კი სახვევი ეკეთა. პირველადი დათვალიერების შემდეგ გამოითქვა ვარაუდი, რომ დაზიანება სერიოზული არ იყო, თუმცა ხვიჩა ბოლო დრომდე მხოლოდ სპორტდარბაზში იტვირთებოდა და მოედანზე გასვლას ვერ ახერხებდა. მას არც 6 აგვისტოს, ნაპოლის ტესტმატჩში უთამაშია აუგსბურგთან, რომელიც იტალიის ჩემპიონებმა ანგარიშით 1:0 მოიგეს.
"ბოლოს და ბოლოს, კვარაცხელიაც - ის ისევ ჯგუფშია! გუნდთან ერთად ეს ხვიჩა კვარაცხელიას პირველი ვარჯიშია იმ ტრავმის შემდეგ, რომელიც ჟირონასთან მატჩში მიიღო. კასტელ დი სანგროში შეკრების მე-12 დღის დილის სესია მიმდინარეობს და ქართველი შემტევი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს, მინიმუმ, წვრთნის პროცესის პირველ ნაწილში", - წერს Tuttonapoli და ქართველის ვარჯიშის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.
დილის ვარჯიშის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით ნაპოლის ოფიციალურმა საიტმაც გაავრცელა, რომლის თანახმად, მარიო რუიმ, გაეტანომ და კვარაცხელიამ წვრთნის პროცესის ერთი ნაწილი ჯგუფთან ერთად ჩაატარეს, ნაწილი კი - ინდივიდუალურად. ნაადრევად მოუხდა ვარჯიშის მიტოვება ოსიმენს, რომელმაც კოჭის მყესი გაიჭიმა.
სეზონის სტარტამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. ნაპოლი სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, სტუმრად გიორგი კვერნაძის ფროზინონესთან ითამაშებს, მანამდე კი რუდი გარსიას გუნდს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი - 11 აგვისტოს, კვიპროსულ აპოლონთან.