უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 86-ჯერ გაუხსნეს.
"რუსული ტერაქტების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია", - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან.
უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 10 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებს. სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი მართვის 2 პუნქტს, საცეცხლე პოზიციებზე განლაგებულ 5 საარტილერიო იარაღს, საბრძოლო მასალასა და რადიოელექტრონული ბრძოლის ორ სადგურს დაარტყეს.