უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ძიუდოისტთა ტრადიციული მასტერსი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა. ტურნირის გამარჯვებული -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური გახდა, რომელმაც ფინალში ლუკა მაისურაძე დაამარცხა. შესაბამისად, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ვერცხლის მედალს დასჯერდა. ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ.), ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ.), ილია სულამანიძემ (-100 კგ.) და გელა ზაალიშვილმა (100+ კგ.) მოიპოვეს.
ტურნირის დასრულების შემდეგ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ მსოფლიო რეიტინგი განაახლა, სადაც საერთო სიის ათეულში 10 ძიუდოისტიდან 4 ქართველი ფალავანია. სიას 9625 ქულით ტატო გრიგალაშვილი ლიდერობს, მეორე პოზიციაზე კი 7810 ქულით ლუკა მაისურაძე იმყოფება. კიდევ ერთი ქართველი სიის მე-5 ნომრად გვხდება - ილია სულამანიძე, რომელსაც 6938 ქულა აქვს, ათეულს კი 5800 ქულით ლაშა ბექაური ხურავს.
81 კგ. წონით კატეგორიასაც ერთპიროვნულად ტატო გრიგალაშვილი ლიდერობს. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი უშუალო კონკურენტს, ბელგიელ მატიას კასეს თითქმის 500 ქულით უსწრებს და შეიძლება ითქვას, რომ პოზიციები გამყარებული აქვს. ტატოს გარდა, ათეულში სხვა ქართველი ძიუდოისტი არ გვხვდება.
ათეულში ყველაზე მასშტაბურად ქართველი ძიუდოისტები -90 კილოგრამში არიან წარმოდგენილნი. პირველ მეორე ადგილებს ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური ინაწილებენ. ბექა ღვინიაშვილი კი მე-7 პოზიციაზე იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ -100 კგ. წონით კატეგორიასაც ქართველი ფალავანი ლიდერობს. ილია სულამანიძე 6938 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს კონკურენტ ზელიმ კოციევს 1000-ზე მეტი ქულით უსწრებს. გასული თვის რეიტინგის ათეულში ვარლამ ლიპარტელიანიც გვევლინებოდა, რომელმაც აგვისტოში პოზიციები დაკარგა და ახლა მე-12 პოზიციაზეა წარმოდგენილი.