27 წელის მცველი გურამ გიორბელიძე სერბული ვოივოდინას ფეხბურთელი გახდა. დინამო ბათუმის ყოფილი მარცხენა მცველი მომდევნო 2 წელს ვოივოდინაში გაატარებს, რომელსაც საკუთარი ფანები "ბებერ ქალბატონს" ეძახიან.
"გამიხარდა, როცა ვოივოდინამ მიმიწვია, რადგან ვიცი, რომ ეს სერბეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია. როცა წინადადება მივიღე, აღარ მიჭოჭმანია. ახლა ახალი გამოცდილებების მიღება მსურს. ყველაფერს გავიღებ ჩემი ახალი კლუბის და მისი ფანების გასახარებლად, რომელთა შესახებაც ასევე ბევრი კარგი გამიგია. სერბეთში პირველად ვარ, თუმცა აქ მეგობრები მყავს. ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ სერბულ კარიერას", - განაცხადა გურამ გიორბელიძემ.
გიორბელიძე პოლონური ზაგლებიეს ფეხბურთელი იყო, დინამო ბათუმში კი იჯარით თამაშობდა, რომელიც დაუსრულდა. ვოივოდინამ ის თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანა. მას სიონში, დილაში, ავსტრიულ ვოლფსბერგერში, გერმანულ დინამო დრეზდენში უთამაშია. საქართველოს ნაკრების რიგებში გურამმა 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რომ ვოივოდინაში 2010-2012 წლებში გიორგი მერებაშვილს უთამაშია, რომელსაც კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევენ. სერბეთის ჩემპიონატი ახლახან დაიწყო, ვოივოდინა 2 ტურის მერე ნული ქულით ბოლო ადგილზეა. 13 აგვისტოს გიორბელიძის გუნდი სტუმრად ნაპრედაკს ეთამაშება.