ბახმუტის მიმართულებით სამი დასახლების რაიონებში რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
"ბახმუტის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის ანდრეევკას, კურდიუმოვკასა და დრუჟბას რაიონებში. მტრის საარტილერიო დაბომბვის შედეგად დაზარალდა 10-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ორეხოვო-ვასილევკა, ივანოვსკოე, მარკოვო და ჩასივ-იარი", - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, ავდიივკას მიმართულებით, მოწინააღმდეგის ძლიერი საჰაერო და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ, დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმები ავდიივკას რაიონში.გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 7 სარაკეტო და 42 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 66-ჯერ გაუხსნეს.
"რუსული ტერაქტების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში", - აღნიშნულია ანგარიშში.გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ ბოლო დღის განმავლობაში 9 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს.
დამცველებმა ასევე გაანადგურეს მოწინააღმდეგის კუთვნილი "კა-52" ვერტმფრენი და 2 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.
"ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღის განმავლობაში, მართვის 2 პუნქტი, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 3 რაიონი, საცეცხლე პოზიციებზე განლაგენბული 5 საარტილერიო იარაღი და მტრის 2 სარადარო სადგური გაანადგურეს", - აცხადებენ გენშტაბში.