„მწვანე ალტერნატივა” შოვში არსებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის შესახებ გამოქვეყნებული დოკუმენტის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ორგანიზაცია განმარტებას აკეთებს მათ მიერ 2023 წლის 4 აგვისტოს გამოქვეყნებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით.
კერძოდ, საუბარია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენზე – საქართველოში 2021 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2022 წლისთვის.
განცხადების თანახმად, სხვადასხვა წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენებში შოვისათვის საფრთხის შემცველად იდენტიფიცირებულია მდინარე ჭანჭახი და მისი სხვადასხვა შენაკადი.
შესაბამისად ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე საფრთხის ყველა შესაძლო წყაროზე მონიტორინგის გაძლიერების, საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისათვის ქმედითი სისტემის დანერგვის და კურორტ შოვიდან მოქალაქეების დროული ევაკუაციის გეგმის შემუშავების საფუძველი.
„ბიულეტენის თანახმად, გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან 2021 წლის ჩათვლით ჩატარებული სხვადასხვა მასშტაბის კვლევების საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში შემავალი 257 დასახლებული პუნქტიდან საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 83 დასახლება. ონის მუნიციპალიტეტის სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების ზონაში მოქცეული დასახლებული პუნქტების რუკის თანახმად, შოვი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბულ უბნებს მიეკუთვნება.
ამავე ბიულეტენის თანახმად, გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის ზონაში მოქცეულია სოფელი გლოლა, მდინარე ჭანჭახის მარცხენა შენაკადის მდ. დღვიორას ხეობაში განვითარებული ღვარცოფული პროცესები, რომელიც საფრთხეს უქმნის ცენტრალურ საავტომობილო გზას და კურორტ შოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
კურორტი შოვისათვის გეოლოგიური საშიშროების რისკის მაღალი კატეგორიის მინიჭება არ მომხდარა მხოლოდ 2021 წელს მდ. დღვიორას მიერ შექმნილი პრობლემების გამო.
სხვადასხვა წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ გეოლოგიურ ბიულეტენებში შოვისათვის საფრთხის შემცველად იდენტიფიცირებულია მდ. ჭანჭახი და მისი სხვადასხვა შენაკადი. ასე, მაგალითად, ჯერ კიდევ 2014 წლის გეოლოგიურ ბიულეტენში, სადაც ასევე მაღალი რისკის ზონად არის განსაზღვრული კურორტი შოვი, საფრთხედ მდ. დღვიორასთან ერთად დასახელებულია მდ. ჭანჭახის ერთ-ერთი მარჯვენა შენაკადიც:
მდ. ჭანჭახის შენაკად მდ. ბუბასთან დაკავშირებულ სტიქიურ მოვლენაზე და მისგან კურორტ შოვისთვის შექმნილ პრობლემაზე 2017 წლის 7 ივლისს ვიდეო გამოაქვეყნა ონის მუნიციპალიტეტის მერიამაც.
მიგვაჩნია, რომ ყოველივე აღნიშნული უნდა ყოფილიყო ტერიტორიაზე საფრთხის ყველა შესაძლო წყაროზე მონიტორინგის გაძლიერების, საფრთხის შესახებ მოსახლეობის გაფრთხილებისათვის ქმედითი სისტემის დანერგვის და შესაბამისი სტრუქტურების მიერ კურორტ შოვიდან მოქალაქეების დროული ევაკუაციის გეგმის შემუშავების საფუძველი. ეს კი, თავის მხრივ, იქნებოდა 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებზე უფრო დროული, კოორდინირებული და ეფექტური რეაგირების გარანტი”, - აღნიშნულია განცხადებაში.