ჩვენ უბრალოდ გვინდა, გავაკონტროლოთ ყველა ტერიტორია, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც ჩვენი
საკუთრება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს, უფრო მეტი უკრაინული ტერიტორია დაიკავოს, პესკოვმა უპასუხა:
"არა, არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გავაკონტროლოთ ყველა ის ტერიტორია, რომელიც ახლა ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც ჩვენი", - აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ე.წ. "რეფერენდუმები" 2022 წლის 23-27 სექტემბერს ჩაატარა. 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნული რეგიონების ე.წ. "ხელმძღვანელებმა" ხელი მოაწერეს "შეთანხმებებს" დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ. 4 ოქტომბერს კი პუტინმა ამ ე.წ. "ხელშეკრულებების" რატიფიცირებას მოაწერა ხელი.