ლონდონში, უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო მატჩი ჩატარდა, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთისა და შოუბიზნესის არაერთმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოს ნაკრებისა და ამსტერდამის აიაქსის ყოფილი თავდამსხმელმა შოთა არველაძემ.Game4Ukraine ჩელსის საშინაო არენა ''სტემფორდ ბრიჯზე" გაიმართა და მასში ერთმანეთს უკრაინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელისა და მწვრთნელის, ანდრეი შევჩენკოსა და ლონდონის არსენალისა და უკრაინის ნაკრების მცველის, ოლეკსანდრ ზინჩენკოს მიერ დაკომპლექტებული, ე.წ. ლურჯი და ყვითელი გუნდები შეხვდნენ.ანგარიში შეხვედრაში ზინჩენკოს გუნდმა გახსნა, მარკ ნოუბლის გოლით ყვითლები დაწინაურდნენ, რის შემდეგაც კლაარენს ზეედორფმა ბრწყინვალე დარტყმით წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. დარიო სრნამ მეორე ტაიმში ზინჩენკოს გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა ვილიამ გალასმა გაათანაბრა და შეხვედრა 2:2 დამთავრდა.შოთა არველაძე მოედანზე ორჯერ შევიდა. პირველად მას მომენტი ჰქონდა, მაგრამ ქართველმა კარში ზუსტად ვერ დაარტყა, ხოლო მეორე გოლის დროს შოთას არ გაუმართლა და ბურთი ვილიამ გალასს მიუვიდა, რომელმაც როგორც აღშვნიშნეთ, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.საქველმოქმედო მატჩიდან შესული თანხა უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვში რუსების მიერ დაბომბილი სკოლის აღდგენას მოხმარდება.