თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, რაჭაში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გაშლილია საფეხმავლო ხიდი გადასაადგილებლად და მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა.
„თავდაცვის ძალებში და ზოგადად, მიმდინარე სამუშაოებში საორგანიზაციო საკითხები დავასრულეთ. მობილიზება გვაქვს გამოცხადებული. ის სრული შემადგენლობა, რაც აღნიშნული სტიქიის აღმოსაფხვრელად გავითვალისწინეთ, უკვე ადგილზეა. გაშლილი გვაქვს საფეხმავლო ხიდი ლამზე გადასაადგილებლად. საჭიროების შემთხვევაში, კიდევ მოვიტანთ ანალოგიურ ხიდებს და გავშლით. აქ მობილიზებულია დაახლოებით 100-მდე ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებიც მუშაობენ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. დიდი უბედურება ტრიალებს რაჭაში და მთელი საზოგადოება არის ამით შოკირებული. ძალიან ემოციურია აქ ყოფნა. რამდენიმე არასრულწლოვნის ცხედარი ამოვიყვანეთ. დღეის მდგომარეობით, დღის წესრიგი განსაზღვრული აქვს მათ, ვინც აქ მუშაობს. ალბათ, საორგანიზაციო საკითხები აღარ იქნება საჭირო და იმავე დღის წესრიგით გააგრძელებენ, რაც განვუსაზღვრეთ“,- განაცხადა ბურჭულაძემ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი.