საქართველოს ნაკრები მორიგ ამხანაგურ თამაშს ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ რიგაში ჩაატარებს.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე მესამე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ლატვიის ნაკრები იქნება. მატჩი რიგაში, „არენა რიგაზე“ ჩატარდება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.ილია
ს ზუროსის გუნდმა იაპონიისკენ მიმავალ გზაზე ორი საკონტროლო თამაში უკვე ჩაატარა. იტალიაში ჩვენი გუნდი ეგვიპტესთან – 76:81, ხოლო კაუნასში ლიეტუვასთან 102:104 დამარცხდა. აფრიკული ქვეყნის გუნდთან თამაშის ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრების ბერძენმა სპეციალისტმა ახალგაზრდები გამოსცადა, ხოლო ლიეტუვასთან ქართველები უდიდეს გმირობასთან იყვნენ ახლოს. მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ზუროსის კრებული 17 ქულით მარცხდებოდა და საფინალო სირენამდე ნახევარი წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა, თუმცა უკანასკნელ წამზე ტომას დიმსას ორქულიანით თამაში დათმო.
საქართველოსა და ლატვიის საკალათბურთო ნაკრებების ისტორია სათავეს1997 წლიდან იღებს. ამ დროის მანძილზე ცხრა შეხვედრა შედგა, საიდანაც ექვსჯერ გავიმარჯვეთ, ხოლო სამჯერ დავმარცხდით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ამხანაგურ დაპირისპირებას უშუალოდ ლატვიელებთან ქართველები ზედიზედ ოთხი მოგებული მატჩით ხვდებიან.22 აგვისტოს მოსამზადებელი ეტაპის დასკვნით თამაშს ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ავსტრალიასთან იაპონიაში ჩაატარებს.ისტორიაში თავისთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო F ჯგუფშია კაბო ვერდეს, სლოვენიისა და ვენესუელას ნაკრებებთან ერთად. მატჩებს იაპონიის ქალაქი ოკინავა უმასპინძლებს.