პოლონეთი და ლიეტუვა ბელარუსის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე რეაგირებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პოლონეთისა და ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში წერია. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, აგნე ბილოტაიტემ ბელარუსის საზღვართან არსებული ვითარება და ამ კონტექსტში პოლონეთის, ლიეტუვისა და სხვა ბალტიის ქვეყნების კოორდინაცია განიხილეს. კომუნიკეს მიხედვით, რეაგირების მექანიზმები შეთანხმდა საფრთხეებზე, რომლებიც მომავალში ბელარუსის მხრიდან შეიძლება გაჩნდეს.