შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს ძებნა-შველის ღონისძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით და სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ. დრონების საშუალებით მოხდა ტერიტორიის დათვალიერება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების და სტიქიის დროს დაკარგული მოქალაქეების ოჯახის წევრების შეხვედრა გუშინ მოხდა, რა დროსაც მათ გამოთქვეს სურვილი თავად ენახათ სტიქიის ზონაში არსებული რთული მდგომარეობა.
დაკარგული მოქალაქეების ძებნის სამუშაოები მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე- მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.