უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის „დილას“ მეტოქე „ვორსკლა“ გახლდათ. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება უკრაინულმა კლუბმა 2:1 მოიგო, განმეორებითი მატჩში კი გორელებმა 3:1 იმარჯვეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.
ქართველებს ბრწყინვალე სტარტი ჰქონდათ და საწყის წუთებში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ. სათამაშო ინიციატივის მიუხედავად, გორელებს რეალური მომენტის შექმნა უჭირდათ. ვითარება 22-ე წუთზე შეიცვალა. „ვორსკლას“ მეკარემ, პავლო ისენკომ შეცდომა დაუშვა და მიკოლა კოვტალიუკს ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ცარიელ კართან დარჩენილმა უკრაინელმა ბურთი ვერ გააჩერა. კოვტალიუკს შანსი 33-ე წუთზეც მიეცა, მაგრამ ამჯერად, მეკარეს ვერ აჯობა.
„დილა“ პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდა. ისენკოს მორიგი შეცდომის შემდეგ, ალეფ სანტოსმა შორიდან დაარტყა. მისი დარტყმა ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი პირველი ოთარ ფარულავა იყო. გორელთა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
მეორე ტაიმის სტარტზე უკეთ უკრაინელები გამოიყურებოდნენ, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტი ვერ შექმნეს. 66-ე წუთზე, „დილას“ კარგი შანსი ჰქონდა. ონორე გომისის თავურის შემდეგ, ბურთი სტუმართა ფეხბურთელს მოხვდა და კარში წავიდა, თუმცა ისენკომ საკუთარი გუნდი იხსნა.
71-ე წუთზე, „დილა“ ორი ბურთით დაწინაურდა. ტიერი გეილის ბრწყინვალე გადაცემით კოვტალიუკმა ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.
სამწუხაროდ, „ვორსკლამ“ ორი მატჩის ჯამში, წონასწორობა მალევე აღადგინა. რუსლან სტეპანიუკმა შესანიშნავად იმოქმედა და გორელთა კარი აიღო.
86-ე წუთზე, „დილამ“ საოცარი გოლი გაიტანა. თორნიკე ძოწენიძის ფენომენალური გადაცემის შემდეგ, თავი ტიერი გეილმა გამოიჩინა და ანგარიში 3:1 გახადა. 91-ე წუთზე, გორელებს მეოთხე ბურთის გატანა შეეძლოთ, მაგრამ კოვტალიუკს მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა. დარჩენილ დროში არაფერი მომხდარა და „დილა“ მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც „ვოივოდინას“ ან „აპოელს“ დაუპირისპირდება.