რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სამაშველო ღონისძიებები გრძელდება როგორც ვერტმფრენის, ისე უშუალოდ, მაშველების ჩართულობით, მისივე ინფორმაციით, დღესვე დაიწყება მეწყრის შედეგად წაღებული ორი ხიდის მონტაჟი.
„დილიდან გაგრძელდა ადამიანების გამოყვანა. ამ მომენტისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომლებიც უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდნენ მაშველებთან ერთად. სამაშველო ოპერაცია გრძელდება სრული მასშტაბით, ვერტმფრენების გამოყენებით და უშუალოდ მაშველების ჩართულობით. რაც შეეხება ადამიანებს, ვისთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება, ასეთი 35 ადამიანია. პროცესი გრძელდება, ხდება გადამოწმება, გადაზუსტება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ტექნიკა მობილიზებულია, უკვე მოხერხდა ორი ექსკავატორის გადაყვანა და მდინარეზე პროცესი გრძელდება. ორ წაღებულ ხიდთან დაკავშირებითაც მოსამზადებელი სამუშაოებია და დღეს დაიწყება ხიდის მონტაჟი“,- განაცხადა ქარსელაძემ.