შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა სამი ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.
„სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.
ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.