ვლადიმერ პუტინი თურქეთს ეწვევა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას პუტინის თურქეთში ვიზიტის საკითხი განიხილეს და შეთანხმებას მიაღწიეს. უწყება პუტინის ქვეყანაში ვიზიტის ზუსტ თარიღს არ ასახელებს. ამავე ცნობით, ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დაძაბულობის მეტად ესკალაციისკენ ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას. მანვე ხაზი გაუსვა შავი ზღვის ინიციატივასაც, რომელსაც მშვიდობის ხიდი უწოდა. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „მარცვლეულის შეთანხმების" ხანგრძლივად შეწყვეტა სარგებელს არავის მოუტანს და განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს დააზარალებს. პუტინი-ერდოღანის სატელეფონო საუბრის შესახებ იუწყება კრემლიც, თუმცა მის ოფიციალურ შეტყობინებაში თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ შეთანხმების მიღწევაზე საუბარი არაა. კრემლის თანახმად, მხარეები სხვადასხვა დონეზე კონტაქტების გაგრძელებასა და მათ შორის შესაძლო შეხვედრის მომზადების კონტექსტშიც შეთანხმდნენ.