პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პაველ იაბლონსკის განცხადებით, უკრაინასთან ურთიერთობა ბოლო დროს საუკეთესო არ არის და არ არსებობს შეთანხმება ბევრ საკითხზე.
პაველ იაბლონსკიმ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან დაგეგმილ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, უწყებაშია დაბარებული.
„საუბარი იქნება ძალიან გულწრფელი, ძალიან კონკრეტული, როგორც ყოველთვის. გადავცემთ ჩვენს შეფასებებს, როგორ გამოიყურება დღეს ჩვენი ურთიერთობები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის ბოლოდროინდელი განცხადებების გამო, არ არის საუკეთესო და ამას არავინ მალავს", - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, უკრაინის წარმომადგენლებს გარკვეულმა ემოციებმა სძლიეს, თუმცა პოლონეთი შემწყნარებლობას იჩენს, რადგან უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ. ამასთან, პაველ იაბლონსკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინამ ასევე არ უნდა შეუტიოს თავის მოკავშირეებს.
„ჩვენ ვხელმძღვანელობთ პოლონეთის ეროვნული ინტერესების პოლიტიკით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას იმდენად, რამდენადაც ეს პოლონეთის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. ასე იყო და იქნება ყოველთვის", - დასძინა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, პოლონეთის პრეზიდენტის მრჩეველმა, მარჩინ ფშიდაჩმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა დაიწყოს იმ როლის დაფასება, რასაც პოლონეთი კიევის დახმარებაში ასრულებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის პრეზიდენტის მრჩევლის კომენტარს მიუღებელი უწოდა და პოლონეთის ელჩი უწყებაში დაიბარა. ამის შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩიც დაიბარეს.