იტალიური მედიის ინფორმაციით, ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა 45 წლის ასაკში 28-წლიანი კარიერა დაასრულა. ბუფონი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები „იუვენტუსში“ გაატარა, 2021 წელს „პარმაში“ დაბრუნდა და კარიერა სწორედ იმ კლუბში დაასრულა, სადაც პროფესიონალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მას „პარმასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ბოლო წლების გარდა, ბუფონი „პარმაში“ 1995-დან 2001 წლამდე, თამაშობდა, „იუვენტუსში“ 2001-2018, ასევე 2019-დან 2021 წლამდე ასპარეზობდა, ხოლო პსჟ-ში 2018-19 წლების სეზონში თამაშობდა. ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ტურინულ გრანდთან ერთად სერია ა 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი სამჯერ, 2003, 2015 და 2017 წლებში დამარცხდა.
იტალიის ეროვნულ ნაკრებში ბუფონმა 176 მატჩი ჩაატარა, ის ასევე 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, ხოლო ევრო 2012-ის ფინალში ესპანეთთან დამარცხდა, 2013 წელს კი კონფედერაციის თასზე მესამე ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზაფხულში ჯანლუიჯი ბუფონს საუდის არაბეთში იწვევდნენ, თუმცა მან სარფიან შემოთავაზებაზე უარი თქვა.