ბრატისლავის „სლოვანმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ბოსნიურ „ზრინსკის“ უმასპინძლა. შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა და ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე „სლოვანი“ გავიდა.
ბრატისლაველების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა „ზრინსკის“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ორივე ქართველი, გურამ კაშია და ჯაბა კანკავა ათამაშა. პირველი თამაში სლოვაკეთის ჩემპიონმა სტუმრად 1:0 მოიგო და საპასუხო მატჩამდე უპირატესობა მოიპოვა.
ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეორე თამაშიც კარგად დაიწყო და ანგარიში სწრაფად, მე-5 წუთზე გახსნა. იურაი კუცკას გადაცემით ბოსნიური კლუბის კარი ალექსანდრ ჩავრიჩმა აიღო. 66-ე წუთზე კი მისივე გადაცემის შემდეგ შარანი ზუბერუმ ეფექტური გოლით „სლოვანის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.
„სლოვანი“ ამის შემდეგ მოდუნდა და ბოსნიელებმა წონასწორობა აღადგინეს. 75-ე წუთზე ჰრვოიე ბარიშიჩმა სხვაობა შეამცირა, ხოლო საბოლოო ანგარიში 90+3-ე წუთზე ანტონიო ივანჩიჩმა დააფიქსირა – 2:2.
ორი მატჩის ჯამში „სლოვანმა“ „ზრინსკი“ 3:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლა, რითიც ერთ-ერთი ევროპული ტურნირის ჯგუფში თამაში უკვე გაინაღდა.
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავის „სლოვანი“ „შერიფისა“ და ჰაიფას „მაკაბის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.