საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა კაუნასში ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ საკონტროლო მატჩი გამართა და დრამატულ ბრძოლაში, ბოლო წამზე მიღებული ორქულიანით 102:104 დამარცხდა.
ილიას ზუროსის გუნდისთვის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ეს მეორე საკონტროლო მატჩი იყო. პირველი შეხვედრა საქართველომ იტალიაში ეგვიპტის ნაკრებთან ჩაატარა და 76:81 დამარცხდა. რაც შეეხება ლიეტუვასთან დაპირისპირებას, მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და სადებიუტო მეოთხედის საწყის წუთებში მეტოქემ 9-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. საქართველომ ტაიმაუტის შემდეგ თამაშის გამოსწორება სცადა, თუმცა პირველი მეოთხედი მაინც ლიეტუვის გამარჯვებით, 25:17 დასრულდა.
მეორე მეოთხედში ლიეტუვამ პერიმეტრიდან უფრო აქტიურად დაიწყო შეტევა და ზედიზედ ორი სამქულიანი ჩააგდო. ორივე შემთხვევაში თავი დეივიდას სირვიდისმა გამოიჩინა. საქართველო მეტოქეს, ძირითადად, საშუალო დისტანციიდან პასუხობდა, აქტიურები იყვნენ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, თუმცა ჩვენი გუნდი მეტოქესთან ანგარიშში ახლოს მისვლას ვერ ახერხებდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მესამე მეოთხედში 29 ქულა ჩააგდო, საკუთარ ფარში 31 მიიღო და, წინა ორი მეოთხედის მსგავსად, აქაც დამარცხდა.
მეოთხე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად დაიწყო და თავიდანვე მოიპოვა სათამაშო უპირატესობა. დაცვაში მარტივად გაშვებული რამდენიმე ბურთის მიუხედავად, შეტევაში ქართველ კალათბურთელებს თითქმის ყველაფერი გამოსდიოდათ და მეოთხედის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე თად მაკფადენის სამქულიანით ანგარიში გაათანაბრეს – 102:102. უკანასკნელ შეტევაში ლიეტუვის ნაკრებმა აქცენტი ორქულიანზე გააკეთა, ნასროლ ბურთს ტომას დიმსამ დაამატა და საფინალო სირენასთან ერთად მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა. საერთო ჯამში, უკანასკნელ მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა 19-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა მოახერხა.
საქართველოს მხრიდან მოედანზე საუკეთესო იყო კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელმაც 30 ქულა, 7 შედეგიანი პასი და 4 მოხსნა დააგროვა. 18 ქულა ჩააგდო გიორგი შერმადინმა, სანდრო მამუკელაშვილი გუნდს 19 ქულითა და 6 მოხსნით დაეხმარა, ხოლო თად მაკფადენმა 18 ქულას მოუყარა თავი. შეგახსენებთ, რომ ბოლოს საქართველოს ნაკრებმა 100+ ქულა ისრაელთან, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩააგდო. ის შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით, ანგარიშით 104:91 დასრულდა.
მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ილიას ზუროსის გუნდი 5 აგვისტოს, ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს.