ბათუმის პორტთან აქციაზე დაკავებული 23 პირიდან 15 თავისუფალია. დაკავებულები მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. პროცესზე მოსამართლემ მხარეებს მტკიცებულებათა მოსაპოვებლად დამატებით დრო მისცა. ბრალდებულები აცხადებენ, რომ ბათუმის პორტთან აქციაზე პოლიციამ ძალას გადაამეტა. სხვა დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. ბათუმში აქტივისტების დაკავებას, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. მასში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს არღვევს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, პოლიციამ ამჯერადაც კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არ დაიცვა და აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვაში ხელი შეუშალა.