ქართული მოცვის 80-90% რუსეთში გავიდა, თუმცა მწარმოებლები პროდუქტის ევროპის ბაზარსა და სპარსეთის ყურეს ქვეყნებში გატანაზე მუშაობენ. როგორც მწარმოებლები ამბობენ, მათთვის რუსეთის ბაზრის მიმზიდველობა ორი ფაქტორით არის განპირობებული, გეოგრაფიული მდებარეობა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ნაკლები დრო, რის გამოც ქართული მოცვის ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა წელსაც რუსეთი გახდა. მწარმოებლების თქმით, რუსული ბაზარი არ ითხოვს არანიარ ხარისხის სერთიფიკატს, მაშინ, როდესაც ევროპული ბაზარი პროდუქტს საერთაშორის სერთიფიკატისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არ იღებს. თუმცა რუსეთში მოცვის მწარმოებლებს პრობლემას მუდმივად არასტაბილური ფასები უქმნის, ევროპის ბაზარზე კი ამ მხრივ განსხვავებული მდგომარეობაა. 2023 წლის 1-ლი მაისიდან დღემდე, საქართველოდან ექსპორტზე 17 მილიონი დოლარის ღირებულების მოცვი გავიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს ორჯერ აღემატება. აქედან, ექსპორტის 80-90% რუსეთზე მოდის. ადგილობრივი მწარმოებლები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის მოცვის მოსავალი 10 000 ტონას მიაღწევს.