რუსეთის საოკუპაციო ძალებსა და უკრაინის დამცველებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 40-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, დამცველებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის 10 რაიონს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 სარაკეტო და 57 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებს და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 61-ჯერ გაუხსნეს.
"რუსეთის ტერაქტების შედეგად, სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. განადგურდა საცხოვრებელი სახლები. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 7 დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის თავმოყრის რაიონებს, 3 კი - მათ საზენიტო სარაკეტო სისტემებს. ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა, გასული დღე ღამის განმავლობაში, მტრის კუთვნილი 5 საზენიტო-სარაკეტო სისტემა, TOS-1A "Solntsepek" მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, საცეცხლე პოზიციაზე განთავსებული საარტილერიო საშუალებები, საბრძოლო მასალის საცავი და მტრის ცოცხალი ძალის თავმოყრის 5 რაიონი გაანადგურეს.