რუსულ საკრუიზო ლაინერში, "ასტორია გრანდე", რომელიც ბათუმის პორტში დღეს გაჩერდა, ოკუპანტი ქვეყნის 800-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება. მათ შორის უკრაინის ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც არიან. როგორც ცნობილია, სტუმრებს შორისაა უკრაინის მიერ სანქცირებული მიტია ფომინი, რომელიც უკრაინაში ომის აქტიური მხარდამჭერია, ის არაერთხელ გამოსულა პუტინის მხარდამჭერ კონცერტზე. 2022 წელს უკრაინამ ფომინს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. მისი პოლიტიკის გამო, მას ლატვიაში შესვლაც ეკრძალება. კრუიზზე იმყოფება ქართველი ძმების - ბერბიჭაძეების მიერ დაფუძნებული ჯგუფიც. ისინი 27 ივლისს, ოლეგ გაზმანოვის შვილთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაორგანიზებულ კონცერტზეც გამოდიოდნენ.. კიდევ ერთი არტისტი, რომელიც კრუიზზეა წარმოდგენილი, დიმიტრი კალდუნია. მან 2018 წელს მასშტაბური კონცერტი დონეცკის არაღიარებულ რესპუბლიკაში გამართა.