უკრაინელი სამხედროები რუსული მხარის პოზიციებს ჩრდილოეთ კორეული რაკეტებიდან ბომბავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
როგორც გამოცემასთან საუბარში უკრაინის თავდაცვის უწყებამ განმარტა, იარაღი, დიდი ალბათობით, უკრაინულმა ძალებმა სწორედ რუს დამპყრობლებს წაართვეს.
„ჩვენ მათ ვართმევთ ტანკებს, აღჭურვილობას და სავსებით შესაძლებელია, რომ ესეც არის უკრაინული ძალის მიერ ჩატარებული წარმატებული სამხედრო ოპერაციის შედეგი. რუსეთი ყიდულობს სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობას ყველა სახის ტირანებისგან მათ შორის ჩრდილოეთ კორეისა და ირანისგან“,- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა იური საკმა Financial Times-თან ინტერვიუში.
Financial Times -ის ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას რუსეთის იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებდა, თუმცა არ წარმოუდგენია მტკიცებულება და ჩრდილოეთ კორეული იარაღი ფართოდ არ იყო წარმოდგენილი უკრაინაში ბრძოლის ველზე. ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმაც უარყვეს შეიარაღების გადაცემის ფაქტი.