თორნიკე შენგელია: თუ არაფერი შეიცვალა, ისევ ვირტუსში ვითამაშებ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. შეკრებაზეა გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელიაც, რომელიც ეგვიპტესთან 29 ივლისს დაგეგმილ ტესტ-მატჩში არ ითამაშებს.
თორნიკემ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან მიმდინარე შეკრების შესახებ ისაუბრა. მან კომენტარი საკლუბო მომავალზეც გააკეთა. ბოლო დროს მას ბელგრადის ცრვენა ზვეზდას და ათენის პანათინაიკოსს უკავშირებდნენ, თუმცა თვითონ ამბობს, რომ ბოლონიაში დარჩენას აპირებს: "ვირტუსთან კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს და თუ კლუბი რამეს არ გადაწყვეტს, არაფერი შეიცვლება და მომდევნო სეზონში ვირტუსში ვითამაშებ".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება, სადაც ისტორიაში პირველად ითამაშებს. ილიას ზუროსის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე ვენესუელის, სლოვენიისა და კაბო ვერდეს ნაკრებებს დაუპირისპირდება.