თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული 10 პირიდან ძებნა იმჟამინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძისა და ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ გამოცხადდება.
აღნიშნული პირები საქართველოში არ იმყოფებიან, რის გამოც, ორივე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და უწყება ძებნას გამოაცხადებს.
დანარჩენი 8 დაკავებულის - კუდ-ის თანამშრომლების მიმართ კი, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქმის პროკურორმა ბექა კვიციანმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 8 პირია დაკავებული.
აღნიშნულს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც, „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დადგინდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.
საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, როინ შავაძეს „კუდ-ის“ თანამშრომლები, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში, ჯერ კონდახებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქობულეთის და გურიის საზღვართან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს.
ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) დაიწყო.
სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით.