რუმინეთში ქართველი ძალოსნების ტრიუმფით დაიწყო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი (U20 და U23) - ასპარეზობის პირველ დღეს 20-წლამდელ გოგონათა შორის (-49 კგ) მარიამ მაისურაძემ იასპარეზა და ევროპის ჩემპიონი გახდა!
მარიამ მაისურაძემ ატაცში სამივე ცდა დაძლია (68, 72, 74 კგ) - მან მეორე ცდაზე საქართველოს რეკორდი (რომელიც მასვე ეკუთვნოდა) გაიმეორა, შემდეგ კი ის ორი კილოგრამით გააუმჯობესა. აკვრაში მან 88 კილოგრამი დაძლია, რაც მხოლოდ მე-4 ადგილს ეყო, მაგრამ, რაც მთავარია, ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში გამარჯვება შეძლო - 162 კილოგრამით ის ევროპის ჩემპიონი გახდა.