პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან, ბოლო 17 თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის 2 564 მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, 3 071 პირს კი მოქალაქეობა აღუდგა. შესაბამისი სადეპუტატო შეკითხვით პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა მიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ იმ პირებიდან, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2 530 პირი წარმოშობით საქართველოდანაა, 23 პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 პირი წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. პრეზიდენტის მიერ დეპუტატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასევე წერია, რომ ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით 5 პირს, გამარტივებული წესით - 15 პირს, ხოლო სპეციალური წესით 8 პირს მიენიჭა.