მარგარეტა გერტრუდა ზელე, რომელმაც მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა ჰოლანდიელისთვის უჩვეულო მატა ჰარის სახელი, 1876 წლის 7 აგვისტოს დაიბადა ფრისლანდიის პროვინციის პატარა ქალაქ ლეუვერდენეში. მისი მამა, მაღაზიის მფლობელი ადამ ზელე, რომელიც თავის დროზე წარმატებული ინვესტიციების წყალობით გამდიდრდა, თავგამოდებით ზრუნავდა მრავალშვილიანი ოჯახის კეთილდღეობაზე, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მარგარეტა არისტოკრატთა რესპექტაბელურ სკოლაში სწავლობდა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო თანატოლებს შორის, მით უფრო, რომ მშობლებიც ყოველთვის ანებივრებდნენ სამი ვაჟიშვილის შემდეგ ერთადერთ ქალიშვილს.
თუმცა, უზრუნველი ბავშვობა სწრაფად დასრულდა. მამის გაკოტრებას, ჯერ მშობლების განქორწინება, მერე დედის გარდაცვალება მოჰყვა, მარგარეტა კი, ქალაქ სნეკში გაემგზავრა ნათლიასთან, საიდანაც ლეიდენში გადაინაცვლა და ადგილობრივ სასწავლებელში ჩააბარა საბავშვო ბაღის აღმზრდელის პროფესიის შესასწავლად.
ბიოგრაფების მტკიცებით, სწორედ ჰოლანდიის სამხრეთ ქალაქში გატარებულმა წლებმა აქცია მარგარეტა მზაკვარ მაცდუნებლად, როცა თანდაყოლილი ქარიზმის თუ ‘’მისნობის’’ წყალობით შეაყვარა თავი სასწავლებლის დირექტორს. მართალია, მოზარდ გრეტასა და ზრდასრულ მამაკაცს შორის გაბმული ფლირტის შემხედვარე ნათლიამ, არასასურველი სკანდალის თავიდან ასაცილებლად, სასწრაფოდ დააბრუნა გოგონა სნეკში, მაგრამ ვერც მისმა სახლში გამოკეტვამ გამოიღო შედეგი. მშვიდი და ზომიერი ცხოვრებით მოქანცული მარგარეტა ჰააგაში გაიქცა ბიძასთან, თუმცა 18 წლის ახალგაზრდას მისი ზღვარგადასული სიმკაცრეც სწრაფად მოჰბეზრდა და ყველა პრობლემის ერთიანად გადაწყვეტის სურვილით დაუყოვნებლივ გათხოვება გადაწყვიტა.
გრეტას ‘’ჯადოსნობას’’ პირველი კაპიტანი რუდოლფ მაკლეოდი ემსხვერპლა, რომელიც პრაქტიკულად გაცნობის გარეშე და თითქმის იძულებით მიაბრძანა საკურთხეველთან. რა თქმა უნდა, გრეტას არც უფიქრია 20 წლით უფროსი მეუღლის შეყვარება, რადგან მხოლოდ ანგარება ამოძრავებდა.
არავინ იცის, რა გეგმები ჰქონდა მარგარეტას გათხოვების შემდეგ, თუმცა არც რუდოლფმა მისცა ბედნიერი მეუღლის როლის შესრულების შანსი. მართალია, წყვილი იმ პერიოდში ჰოლანდიის კუთვნილ იავას კუნძულზე გადაბარგდა და სწორედ იქ გადაწყვიტა ოჯახური იდილიის მოწყობა, მაგრამ ქორწინებამ ორივეს იმედი გაუცრუა, რადგან რუდოლფი ალკოჰოლური სასმელით უფრო ინტერესდებოდა, ვიდრე ახალგაზრდა მეუღლის ცხოვრებით, რომელმაც გული არ გაიტეხა და მეუღლის უყურადღებობა მრავალრიცხოვანი საყვარლების ყურადღებით შეავსო.
მართალია, საკუთარ უიღბლობას და სოლიდური პოსტის დაკარგვას რუდოლფი გამუდმებით გრეტას აბრალებდა, მაგრამ შვილებს ნორმან-ჯონსა და ჟანა-ლუიზას მაინც ყოველთვის ანებივრებდა, თუმცა ოჯახი ვერც შვილების შეძენამ იხსნა კრახისგან, რადგან სკანდალებით დაღლილი გრეტა ჯერ საყვარელთან ვან რედესთან გადაბარგდა, მერე ჰოლანდიელ ოფიცრებთან გააბა ნაცნობობა, რათა რაც შეიძლება მტკივნეულად გადაეხადა სამაგიერო მეუღლისთვის.
სხვათა შორის, სწორედ იავაზე დაინტერესდა გრეტა პირველად ინდონეზიის კულტურით, ნაციონალური ცეკვებით და როცა მეუღლის თხოვნით ისევ მას დაუბრუნდა, რაც მოგვიანებით ძალიან ინანა, სწორედ ცეკვამ და ადგილობრივი ტრადიციების შესწავლამ იხსნა ღრმა დეპრესიისგან, მით უფრო, რომ ‘’მატა ჰარის’’ ფსევდონიმი, რაც ‘’მზეს’’, უფრო ზუსტად კი, ‘’დღის თვალს’’ ნიშნავს, სწორედ ინდონეზიური ლეგენდების შესწავლით აირჩია.
1899 წელს, ვაჟიშვილის დაღუპვის შემდეგ წყვილი ჰოლანდიაში დაბრუნდა. მართალია, ორი წლის ნორმანი მშობლების უპასუხისმგებლობით დაავადდა და გარდაიცვალა ათაშანგით, მაგრამ სამარცხვინო დაავადების დამალვის სურვილით, შვილის მოწამვლა გრეტამ მის ძიძას დააბრალა, თუმცა თითქმის 20 წლის შემდეგ ზუსტად იმავე სენით დაიღუპა ქალიშვილი ჟანა-ლუიზაც, რომელიც განქორწინების შემდეგ მამასთან დარჩა, რადგან სიძუნწით ცნობილმა მაკლეოდმა კატეგორიული უარი განაცხადა გრეტასთვის ალიმენტის გადახდასა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაზე.
მარგარეტა სწრაფად მიხვდა, რომ ძალიან გაუჭირდებოდა ჰოლანდიაში თავის რჩენა და პარიზში გაემგზავრა, რომელიც ყოველთვის იზიდავდა კაშკაშა ფერებითა და ბრწყინვალებით. მართალია, გრეტა დარწმუნებული იყო, რომ სწორედ სიყვარულის ქალაქში მოიპოვებდა ბედნიერებას, მაგრამ მისი ოპტიმიზმი სწრაფად შეიცვალა იმედგაცრუებით, რადგან ვერც მოდელად ივარგა, ვერც ცირკში ცხენების გამხედნავად, რადგან ნაკლებად შთამბეჭდავი ბიუსტის პატრონი ჯერ მხატვრებმა დაიწუნეს, მერე კოლეგა ცხენოსნებმა, მით უფრო, რომ არც მძიმე შრომისთვის მიღებულმა მწირმა ანაზღაურებამ დააკმაყოფილა.
გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილმა მარგარეტამ ოდესღაც ნასწავლი ცეკვები, მამაკაცთა ცდუნების ხელოვნება გაიხსენა და ასე გაიკვლია გზა პარიზის ბოჰემისკენ, სადაც სრულად გამოავლინა საკუთარი შესაძლებლობები და საბოლოოდ მოირგო მატა ჰარის ფსევდონიმი.
მატას ცეკვამ ეგზოტიკის მოყვარული, მიამიტი ფრანგები აღაფრთოვანა, ზედმეტად გულწრფელმა სამოსმა, ზნეობასა და აშკარა უზნეობას შორის მოხერხებულად ბალანსირებამ კი, სასურველი შედეგი გამოიღო - ჰარიმ სწრაფად მოაჯადოვა არისტოკრატთა წრის მამაკაცები. მაცდუნებელი გრეტა ყოველთვის ახერხებდა ეროტიკული ნომრის, საკუთარი სიშიშვლის გამართლებას, ზნეობის პოლიციას კი, არწმუნებდა, თითქოს მხოლოდ შივასთვის ასრულებდა რელიგიურ ცეკვას, რომლის მთავარ შემადგენელს სწორედ ცივილური სამყაროსთვის მიუღებელი უცხოტომელთა რიტუალები წარმოადგენდა.
მატას ტრიუმფი 1905 წელს შედგა, მდიდარი მეწარმის, მუსიე ემილ გიმეს კუთვნილ, აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში, სადაც მდიდრულ სამოსში გამოწყობილი, უძვირფასესი სამკაულით დამშვენებული გრაციოზული მოცეკვავის სანახავად არა მხოლოდ პარიზული ელიტა, არამედ დიპლომატები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებიც შეიყარნენ. რა თქმა უნდა, საცეკვავო ნომრის ბოლოს მდიდრული მორთულობიდან ჰარის მხოლოდ სამაჯური და ყელსაბამი შერჩა, რამაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა აღფრთოვანებული ბოჰემა მის ‘’უბადლო ნიჭში’’.
მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰარის წარმატებაში მისტიფიკაციის სიყვარულმაც, რადგან ლეგენდა იდუმალებით მოცული ხელმწიფის ქალიშვილზე, რომელიც შორეული სამეფოდან ეწვია საფრანგეთს, ზუსტად რომ დროული აღმოჩნდა ევროპელების აღმოსავლეთით გატაცების ფონზე, ერთი-ორად გაზარდა მისი პოპულარობა და ნამდვილ ბრენდად აქცია. მეტიც, მატას სახელი ტკბილეულმა და სიგარეტმა შეიძინა, მისმა პორტრეტმა კი, საფოსტო მარკა დაამშვენა.
ჰარის ყოველთვის სიამოვნებით მასპინძლობდნენ როტშილდები და ელიტარული საზოგადოების სხვა წარმომადგენლები საკუთარ ფეშენებელურ სასახლეებში, მით უფრო, რომ Olympia Theater-ში მოწყობილი არნახული წარმოდგენის შემდეგ, ჰარი სილამაზისა და პლასტიურობის ნამდვილ ეტალონად იქცა, რომელზეც მთელი ევროპული პრესა წერდა და აღნიშნავდა, რომ მომხიბვლელ მოცეკვავეს ფეხის ერთი გრაციოზული მოძრაობით შეეძლო ნებისმიერი მამაკაცის სამუდამოდ დამონება.
არავინ იცის, როდის და რამ აიძულა მატა ჰარის ჯაშუშობა. საიდუმლო პირველი მსოფლიო ომის დროს გამოაშკარავდა, ამიტომ ისტორიკოსები დარწმუნებული არიან, რომ აგენტურული საქმიანობით ჰარი საომარი მოქმედებების დაწყებამდე ბევრად ადრე დაინტერესდა.
ეჭვი მის ჯაშუშობაზე საფრანგეთიდან ნიდერლანდებში ინტენსიური მოგზაურობის წყალობით გაჩნდა. მართალია, ჰოლანდია სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, რაც მის მოქალაქეებს საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის უფლებას აძლევდა, მაგრამ სწორედ ორ ქვეყანას შორის მოქცეული ფრონტის ხაზი აიძულებდა ჰოლანდიელებს ესპანეთის და ბრიტანეთის გავლით მოგზაურობას. სავარაუდოდ, სწორედ ბრიტანეთში ჩააბეს გერმანელმა რეზიდენტებმა ჰარი ჯაშუშურ ქსელში, 1916 წელს კი, როცა საფრანგეთის დაზვერვას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, ყოფილმა მოცეკვავემ თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და იმ პერიოდში ერთ-ერთ ყველაზე სოლიდურ ევროპულ სამსახურს შესთავაზა საკუთარი სამსახური.
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სწორედ ფრანგ რეზიდენტებთან საუბრისას, თითქოს შემთხვევით წამოსცდა ჰარის საყვარლის - გერმანელი ჯაშუშის სახელი, მერე კი, ‘’ახალი კოლეგებისთვის’’ ერთგულების დასამტკიცებლად გაემგზავრა მადრიდში, თუმცა ვერ შეძლო ჩანაფიქრის განხორციელება, რადგან ფრანგებმა გერმანელი აგენტების რადიოშეტყობინება მოისმინეს, რომელიც ადასტურებდა, რომ აგენტმა H-21-მა წარმატებით ჩააღწია ესპანეთში, გერმანელებისგან ყალბი მონაცემების მიღების შემდეგ კი, ისევ ფრანგ კოლეგებს უბრუნდებოდა.
არსებობს ლეგენდა, თითქოს ფრანგულ დაზვერვას მატამ რუსი პილოტის ვადიმ მასლოვის გადარჩენის სურვილით მიმართა. როგორც ამბობენ, სიმპათიური, თუმცა ბევრად უმცროსი მასლოვი, რომელიც ფრანგული ავიაციის რიგებში მსახურობდა, მატას ერთადერთი ნამდვილი სიყვარული იყო, ვისთვისაც არც სიცოცხლის გაწირვას მოერიდა და სწორედ მძიმედ დაჭრილი, პრაქტიკულად დაბრმავებული საყვარლის ჰოსპიტალში მონახულების სურვილით მიმართა მატამ ფრანგ მზვერავებს, რომელთაც ულტიმატუმი წაუყენეს და უზომოდ შეყვარებულ ქალს გერმანელების მონაცემების მოპოვება მოსთხოვეს.
მართალია, ჯაშუშური საქმიანობის დიდი სიყვარულით გამართლება უფრო რომანტიკულია, ვიდრე ჩვეულებრივი ანგარებით, მაგრამ დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს, რადგან ოდესღაც მოცეკვავე, მერე ჯაშუში ჰარის ბიოგრაფია დღესაც გასაიდუმლოებულია. თუმცა, ისტორიკოსთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ გერმანელებმა სპეციალურად გაასაიდუმლოეს რადიოშეტყობინება, რათა ჰარის ირიბი დასმენით გადაეცათ მოწინააღმდეგისთვის მისი ლიკვიდაციის უფლება.
მატა ჰარი 1917 წლის თებერვლის თვეში დააპატიმრეს. მართალია, დაკითხვა ოთხი თვე გაგრძელდა, რადგან მატა ჯიუტად უარყოფდა გერმანელ აგენტებთან კავშირს, მაგრამ ფრანგებმა მაინც მოახერხეს რამდენიმე რადიოშეტყობინების გაშიფვრა და მისი ჯაშუშური საქმიანობის დამტკიცება. სასამართლო პროცესზე ჰარი გერმანელებისთვის სტრატეგიული მონაცემების გადაცემაში დაადანაშაულეს, რასაც რამდენიმე ფრანგული დანაყოფის სრულად განადგურება მოჰყვა. მართალია, მძიმე ბრალდება სასჯელსაც მძიმეს - სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა შეწყალების გარეშე, მაგრამ მატამ ბოლო წუთამდე საოცარი სიმშვიდე შეინარჩუნა, ადვოკატის რჩევას კი - ორსულობის მომიზეზებით დროებით გადაედო განაჩენის აღსრულება, უარით უპასუხა.
მატა ჰარი 1917 წლის 15 ოქტომბერს დასაჯეს სიკვდილით. დასახვრეტად განწირულ ჯაშუშს ადრიან დილას შეატყობინეს, რომ განაჩენი დაუყოვნებლივ იქნებოდა სისრულეში მოყვანილი, რაზეც ჰარის ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა და სინანულით აღნიშნა, რომ ვეღარ მოასწრებდა უკანასკნელი საუზმით დატკბობას, მერე კი, ჩვეული გულმოდგინებით შეიმოსა და ჯარისკაცებს სამხედრო პოლიგონზე გაჰყვა, სადაც დამსჯელ ბრიგადას ხელების გახსნა სთხოვა და უარი თქვა თვალების ახვევაზე, დახვრეტის წინ კი, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ახალწვეულ ჯარისკაცებს, რომელთაც, როგორც ამბობენ ცრემლი მოადგათ თვალებზე.