კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს, 27 ივლის საქართველოს ორი წარმომადგენელი, გორის „დილა“ და ქუთაისის „ტორპედო“ იასპარეზებენ. გორელები პირველ მატჩს სტუმრად უკრაინული „ვორსკლას“ წინააღმდეგ პოლონეთის ქალაქ ტიხში გამართავენ. უკრაინაში დაწყებული რუსული აგრესიის შემდეგ, უკრაინული გუნდები იძულებულები არიან მატჩები ნეიტრალურ სტადიონზე გამართონ. მატჩის წინ გორის „დილამ“ მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა: „„ვორსკლას“ რაც შეეხება, გუნდის სამ ამხანაგურ მატჩს ვუყურე და მწვრთნელის ხელწერა აშკარად იგრძნობა. თუმცა, ეს აღარ არის გასული სეზონის „ვორსკლა“. ორი ლიდერი დაკარგეს, მაგრამ ბევრი ახალი ფეხბურთელი ჰყავთ. მეტოქეს ნებისმიერ შემთხვევაში პატივს ვცემთ და დიდი მონდომებით ვემზადებით. ვიცით, რომ იოლი მატჩები არ გველის.
ახლა ქართული ფეხბურთი აღმავლობის გზაზეა. გუნდებში კარგი მწვრთნელები და ლეგიონერები მოდიან, ფინანსური რესურსი იზრდება. ქართული საზომით, პირველი ექვსეულის გუნდებში კარგი ხელფასებია. ადრე ჩემპიონობისთვის მხოლოდ თბილისისა და ბათუმის „დინამო“ იბრძოდნენ, ახლა პირველობის პრეტენზია 5-6 გუნდს აქვს, მათ შორის „დილაც“ არის“, - განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.
გორის დილასა და პოლტავას „ვორსკლას“ შეხვედრა თბილისის დროით, 21:30 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი კი 3 აგვისტოს გორში გაიმართება.
ქუთაისის ტორპედო კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახურ აკტობეს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის არენაზე 27 ივლისს გაიმართება, საპასუხო კი - 3 აგვისტოს, ქალაქ აქტობეს ცენტრალურ სტადიონზე.
ტორპედოს მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა აკტობესთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. შოტლანდიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ გუნდს რთული შეხვედრა ელოდება, თუმცა აღნიშნა, რომ ტორპედო პირველივე წუთებიდან შეუტევს: “"ველოდებით, როდის ჩამოვა მეტოქე საქართველოში. მათ ჩამოფრენასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდათ და ჩვენ, რაც საფეხბურთო კლუბს შეეძლო, სტუმარი გუნდის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთეთ. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს შეხვედრა არ ჩაშლილიყო. „აკტობესთან“ მატჩში პირველივე წუთებიდან აგრესიულ თამაშსა და შეტევას ვეცდებით. გვინდა, რომ ბურთს ჩვენ ვფლობდეთ, მაღალი ინტენსივობა ვაჩვენოთ და მეტოქე ვაიძულოთ, რაც შეიძლება დიდი დრო დაცვაში გაატაროს. "აკტობეს შესახებ ძალიან ბევრი რამ ვიცით, მათ მწვრთნელებზე, ტაქტიკაზე, ინდივიდუალურად ფეხბურთელებზე. რასაკვირველია, მეტოქეს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ვფიქრობ, რომ ხვალინდელ მატჩში ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. აკტობე კარგი გუნდია, თუმცა საბოლოო შედეგი იმის კანონზომიერად დაფიქსირდება, თუ როგორ ვითამაშებთ ჩვენ", - განაცხადა კინმა