სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრებმა მესამე ოქროს მედალი მოიპოვა. მეორე საშეჯიბრო დღეს ძიუდოისტებიდან ტატამზე 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში თორნიკე გიგაური და 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მათე გველესიანი გამოვიდნენ.
ორივე სპორტსმენი ნახევარფინალამდე მივიდა, თუმცა გიგაური ფინალში გადასასვლელ ბრძოლაში დამარცხდა, მისთვის წარუმატებელი გამოდგა ასევე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა.
რაც შეეხება მათე გველესიანს, ახალგაზრდა ქართველმა ფინალამდე 4 მეტოქე დაამარცხა. მათეს ანგარიშზე 2 იპონით და 2 ვაზარით გამარჯვება იყო.
გველესიანი ფინალში ხორვატ ლუკა კატიჩს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ხორვატმა სპორტსმენმა ტრავმის გამო ვერ შეძლო ასპარეზობა და ავტომატურად მათემ ოქროს მედალი მოიპოვა. პირველ საშეჯიბრო დღეს ოქროს მედლები ასევე მოიპოვეს უმსუბუქესი წონის წარმომადგენელმა შოთა ბაჩოშვილმა (-50 კგ) და მერაბ სამადაშვილმა (-55 კგ). დღეს ტატამზე კიდევ ორი ძიუდოისტი გამოვა, საქართველოს ღირსებას 73 კილოგრამში ირაკლი ქავთარაშვილი ხოლო 81 კილოგრამში გიორგი ბენდელიანი დაიცავენ.