საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. უწყებამ სპეცოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. გარდა ამისა, ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს.